იოსებ რუსულაშვილი

იოსებ რუსულაშვილი (ლექსები გამოგზავნილია ფრონტიდან)

შორით გიგზავნი წერილსა,
სალამი,ჩემო დედაო.
გული გაქვ დაღონებული,
შვილებს ვეღარა ხედაო.
თავის ფიქრებში გართულსა
 ღამე არ გეძინებაო.
დედისთვი შვილი წყლულია,
მის დღემში არა რჩებაო.
ხან გავუწყრებით მშობელსა,
ხან დროს კი დაგვიტკბებაო.
 ოჯახში როგორ ვიცხოვროთ,
გვასწავლის მოგვიყვებაო.
აღარა ვიცი სოფლისი,
რა ამბავია ჩვენსაო.
ვინღა აიღებს ნამგალსა,
ვინღა გალესავს ცელსაო?
ჯარში წავიდნენ ბიჭები,
ანადგურებენ მტერსაო.
იქნება უჭირს დედასა,
არვინ უკიდებს ხელსაო.
არვინ შაუბამს ურემსა,
არც შაუკაზმვენ ცხენსაო.



მივნატრი ჩემსა სამშობლოს,
აყვავებულსა მხარესა.
გაღმა ლოპოტის ხეობას,
მინდორში მოსულ მწვანესა.
ნეტარ ვეღარა ვნახავა
ჩვენ ძირთახევის ჭალებსა?!
პირაღმე ამომავალსა
ცხვარ-ბატკანს, ფშავლის ფარებსა.
უკან გაყოლილ მწყემსებსა
გუდით რო ზიდვენ ხალებსა.
დღე და ღამ გარეთ არიან,
ტანთ ვერ ჩაიცმენ მშრალებსა.
დაბლა ვერ ჩამაიღებენ
მხარზე გადებულ კავებსა.
ერთბაშად დაკივლებითა
ახმაურებენ მთა-ველსა.
მალ-მალ გახედვენ შორითა
ანდარეზაის მხარესა.
საფიხვნოს გორზე ძროხებსა,
შაყრილებს ფშავლის ქალებსა.
შორით რო დავინახავდი,
ავახილებდი თვალებსა.
ვინ იცის, ვინ ატირდება
ან ვინ ჩაიცმევს შავებსა.
თავისი სატრფოს გულისთვი
ვინ რა დაითხრის თვალებსა
და გამოხურავს უკუღმა
თავისი სახლის კარებსა...

Комментариев нет:

Отправить комментарий