ლუკა მთიბელაშვილი

ლუკა მთიბელაშვილი, თანამედროვე სახალხო მთქმელთა ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი დაიბადა 1927 წელს ლაფანყურში,გლეხის ოჯახში. დაამთავრა 4 კლასი და დაიწყო შრომითი საქმიანობა კოლმეურნეობაში. ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას ვერ აქცევდა. 1973 წლიდან მესამე ჯგუფის ინვალიდია. მალე მხედველობა დაუქვეითდა და 1980 წლიდან სრულიად დაეკარგა. მაგრამ ამას არ შეუშინდა, ჯერ გონებაში თხზავდა ლექსებს, შემდეგ კი კარნახობდა ჩასაწერად.
ზეპირად იცოდა არა მარტო თავისი ლექსები, არამედ ძალიან ბევრი ხალხური ლექსი და ვაჟას თითქმის ყველა პოემა.



მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
ადგილო მთა–გორიანო,
თვალუწვდენელო ჭალებ ო,
მთების კალთებო, ტყიანო,
მთებო , ყოველთვის მდუმარევ,
ჭიუხნო ნადირიანო,
ჯიხვების კვალზე მავალო,
ვაჟავ , ფეხწრიაპიანო,
როდისა ნახო ტივლები,
სიათა გაახმიანო,
კლდის ძირში ცეცხლი დაანთო,
შამფურებ დაატრიალო.
შენაც მიყვარხარ, ლოპოტავ
 მთების ანკარა წყლიანო,
ხან ამღვრეულო, მყვირალო,
ხან დროს წყნარ ო და ჭკვიანო,
ფრთხილად იარე, ძმობილო,
არაფრით დაგვაზიანო.
ჩემო ლამაზო სოფელო,
სამოთხევ ყვავილიანო,
დედის რძესავით ტკბილო და
 დედის მკერდივით რძიანო,
წყლითა , ტყითადა მიწითა -
ყველაფრით ბარაქიანო .
ფშავლების დედაქალაქო,
ლაფანყურს გეძახიანო.



_________________________

ისევ შენ მოგწერ წერილსა,
ნუ იწყენ,ჩემო მთვარეო.
მზევ,გორის პირას მისულო,
ჩამამავალო მალეო.
სიცოცხლის დიდო იმედო,
რა მალე გამეყარეო.
არ მოგელოდი მაგასა,
ნეტავ რად გამამწარეო?
რად მიჰყევ სხვისა ენასა,
მტრები რად გამიხარეო?
შხამში ნალესი ხანჯალი
 გულში რად გამიყარეო?
ოღონდ შენ იყავ კარგადა,
ოღონდ შენ გაიხარეო.
ისევ მე ვიყო ტანჯული,
მე ვიყო მგლოვიარეო.
აღარც მე ვზოგავ ჩემ თავსა,
არც ხო შენ შამიბრალეო,
ერთხელ ნუგეშისმცემელი,
სიტყვა არ დამიბარეო.
დამადნე,როგორც სანთელი,
ჭლექიანს დამადარეო.
მოსწამლე ჩემი სიცოცხლე,
სხვის ყოფნას ანაცვალეო.
მომწყინდა ესეთი ყოფნა,
ნეტავი მამკლა მალეო.
შენც გაიხარებ და მენაც,
მეყო,რაც ცრემლი ვღვარეო.
და სიკვდილის წინ,ლამაზო,
აი,რა დაგავალეო:
 "რო მოვკვდე,მოდი,მიხილე
 კუბოში მწოლიარეო.
მიტირე შენგან ტანჯული,
ცრემლები ჩამოყარეო.
ტკბილი სიცოცხლის მაგიერ
 სამარე გამითხარეო.
და მიწა შენის ხელითა
 ზედ გულზე მომაყარეო.
მერე ნება გაქვ,სიცოცხლევ,
ვინც გინდა შაიყვარეო.
მხოლოდ გახსოვდე მენაცა,
ნუ დამივიწყებ მალეო.
იცოდე შენგან,ლამაზო,
მრავალჯერ ცრემლი ვღვარეო,
დავკარგე ახალგაზრდობა,
შავ მიწას მოვეფარეო.




საწყალო ხორცის ხინკალო,
შენც გაიფუჭე სახელი.
ვინ მოგიგონა პირველად,
იმას დაადგეს ნათელი.
შენი სამშობლო ფშავია,
ბაკანი, ხონჩა, საცერი.
კაი მსუქანი ცხვრის ხორცი,
ქეიფიც იმის საფერი.
წვრილი და კოხტა ნაოჭი,
გაქებდეს შენი მნახველი.
ხონჩაზე იყინებოდეს
 წვენი ზედ ჩამონადენი.
იუკადრისე სოფელი,
ასდექ, ქალაქში წახველი.
თეფშებზე წამოგასკუპეს
 ერთი უჯმაჯი, სამზნელი.
თავი გაქვ უშველებელი,
ვინ არი იმის შამჭმელი.
გულადაც მწვანილ ჩაგიდვეს,
ცოტ–ცოტა ხორცის ნაჭერი.
სირცხვილით როგორა სჩნდები,
თავის წინაპრის შამრცხვენი.
ქალქაში რასაც გიზამდნენ
 ვერ თუ იცოდი მაგთვენი?"
 

Комментариев нет:

Отправить комментарий